საქართველოს სამეანო და გინეკოლოგიურ ანესთეზიოლოგთა ასოციაცია
Georgian Association of Obstetric and Gynecological Anesthesiologists

G o o g l e    

 

 

სამშობიარო მოქმედების გაუტკივარება

სამეანო ანესთეზია განსხვავდება ნებისმიერი სხვა ტიპის ანესთეზიისგან იმით, რომ ჩართულია ორი პაციენტი - დედა და მისი ბავშვი. სამშობიარო მოქმედების გაუტკივარება არა მარტო კომფორტული პირობების შექმნაა მშობიარისათვის, არამედ იგი მიზნად ისახავს მშობიარობით გამოწვეული სტრესის მოხსნას, რომელიც შეიძლება საზიანო იყოს როგორც დედის, ისე მისი პირმშოსათვის.

არსებობს სამშობიარო მოქმედების გაუტკივარების 3 ძირითადი ჩვენება:

  • გამოხატული ტკივილის სინდრომი
  • სამშობიარო მოქმედების პათოლოგია (სისუსტე, დისკოორდინაცია და სხვა)
  • თანმხლები დაავადებები (გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის, თვალის, აგრეთვე პრეეკლამფსია და სხვა)

დღეისათვის სამშობიარო მოქმედების გაუტკივარებისათვის გამოიყენება შემდეგი მეთოდები:

ნეიროაქსიალური ანესთეზია:
ეპიდურული, სპინალური, კაუდალური, კომბინირებული სპინალურ-ეპიდურული
მედიკამენტური:
ინტრავენური, ინჰალაციური
ადგილობრივი:
პარაცერვიკალური, პუდენდალური, ინფილტრაციული
ელექტროანესთეზია, აკუპუნქტურა, ფსიქოლოგიური მეთოდები და სხვა.

 

ეპიდურული ანესთეზია:

ხანგრძლივი ეპიდურული ანესთეზიის დანერგვამ (1964წ-დან) ფაქტიურად გადაწყვიტა გაუტკივარების პრობლემა სამეანო პრაქტიკაში. ეპიდურული გაუტკივარების ეფექტურობა სცილდება 80%-ს და თითქმის მთლიანად ათავისუფლებს მშობიარეს ტკივილისაგან.
ეპიდურული გაუტკივარების არსი:
ეპიდურული გაუტკივარება ეს არის განვითარებულ ქვეყნებში ფართოდ დანერგილი მეთოდი, რომელიც გამოიყენება სამშობიარო ტკივილების გასაყუჩებლად. ხერხემლის წელის ნაწილის გარკვეულ სივრცეში, რომელსაც ეპიდურული სივრცე ეწოდება, ადგილობრივი ანესთეტიკის შეყვანით ვაბლოკირებთ იმ ნერვებს, რომელთაც ტკივილის იმპულსები თავის ტვინისკენ მიაქვთ. ანუ ეპიდურული გაუტკივარება ადგილობრივი გაუტკივარების ნაირსახეობაა. იგი ფართოდ გამოიყენება აგრეთვე მედიცინის სხვა დარგებში.
ვის შეუძლია გაიკეთოს ეპიდურული გაურკივარება:
თითქმის ყველა მშობიარეს, მცირე გამონაკლისის გარდა, შეუძლია ეპიდურული ანესთეზიის გაკეთება. ორსულობის ზოგიერთმა გართულებამ, დაავადებამ და მედიკამენტმა, რომელიც თქვენ დაგჭირდათ ორსულობის მსვლელობისას, შეიძლება ეპიდურული ანესთეზია მიზანშეუწონელი გახადოს. კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს მეანს, ან ანესთეზიოლოგს.
როგორ კეთდება ეპიდურული ანესთეზია:
თუ თქვენ გადაწყვიტეთ ეპიდურული გაუტკივარების გაკეთება, ანესთეზიოლოგი, რომელიც მანიპულაციას ატარებს, მოგთხოვთ თქვენი თანხმობა სპეციალურ ბლანკზე ხელმოწერით დაადასტუროთ. თქვენ უნდა დაწვეთ გვერდზე, ანდა დაჯდეთ მაქსიმალურად მოხრილ მდგომარეობაში. ზურგის ის მიდამო, სადაც უნდა ჩაიდგას კათეტერი, მუშავდება ანტისეპტიკებით და ხდება კანის გაუტკივარება მოსალოდნელი პუნქციის არეში. პროცედურის დროს თქვენ გაუნძრევლად უნდა იყოთ. გახსოვდეთ, ორსულებში ამ მანიპულაციის ჩატარება არცთუ ისე ადვილია. შემდეგ სპეციალური ნემსით ხდება ხერხემლის წელის ნაწილში მოთავსებული ეპიდურული სივრცის პუნქცია. ამ დროს იგრძნობთ იოლ ზეწოლას წელის არეში, რომელიც ნემსის წინსვლის დროს აღინიშნება. ზოგიერთ მშობიარეს შესაძლოა ჰქონდეს მსუბუქი ტკივილი რომელიმე ფეხის გასწვრივ, საგანგაშო არაფერია, უთხარით თქვენს ანესთეზიოლოგს, რომელმაც იცის ამ დროს რა მოიმოქმედოს. ნემსის მეშვეობით ხდება ეპიდურულ სივრცეში წვრილი პლასტიური კათეტერის ჩადგმა, რის შემდეგაც ნემსი ამოღებულ იქნება, ხოლო კათეტერი კი პლასტირით დაფიქსირდება თქვენს ზურგზე და არანაირ დისკომფორტს არ მოგაყენებთ.
კათეტერის მეშვეობით შესაძლებელია ეპიდურულ სივრცეში ადგილობრივი ანესთეტიკების შეყვანა, რომელიც ანესთეზიოლოგს საშუალებას მისცემს გააყუჩოს ტკივილი. ინექცია უმტკივნეულოა. ამ დროს იგრძობთ მხოლოდ მსუბუქ სიცივეს ზურგის არეში. საშუალოდ ეფექტის მისაღებად საჭიროა 10-20 წთ. ანესთეტიკის დამატებითი დოზის შეყვანა ხდება მოთხოვნის შესაბამისად, ზოგ შემთხვევაში გამოიყენება ანესთეტიკის უწყვეტი ინფუზია.
ეპიდურული გაუტკივარების ეფექტი:
კათეტერში ანესთეტიკის ინექციის შემდეგ ტკივილი თანდათან შემცირდება და გაქრება, ან ადვილად ასატანი გახდება. თქვენ შეიძლება იგრძნოთ ქვემო კიდურებში სისუსტე, დაბუჟება და სითბოს შეგრძნება. როდესაც სათანადო დრო დადგება, მეანის მოთხოვნით, თქვენ შეძლებთ უმტკივნეულოდ გაიჭინთოთ და მიიღოთ აქტიური მონაწილეობა ბავშვის გაჩენაში, ფეხების დაბუჟება და სისუსტე მშობიარობის შემდეგ რამოდენიმე საათში უკვალოდ გაივლის, რის შემდეგაც შეძლებთ ფეხზე წამოდგომას.

ეპიდურული გაუტკივარების დადებითი მხარეები:

თქვენ ხართ ფხიზელი, ნათელი გონებით და შეგიძლიათ მთელი სიმძლავრით შეიგრძნოთ ის, რასაც ბავშვის დაბადება ჰქვია.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაგჭირდათ სამშობიარო გზების დათვალიერება, ან გაკერვა, ვაკუუმით, ან მაშებით მშობიარობა, საშვილოსნოს ღრუში ხელით შესვლა, ან სხვა მანიპულაცია, დამატებით სხვა ანესთეტიკის ხმარება არ დაგჭირდებათ.

თუ აუცილებელი შეიქმნა საკეისრო კვეთის წარმოება, საჭიროა მხოლოდ ეპიდურულ სივრცეში ადგილობრივი ანესთეტიკის დოზის დამატება.

მშობიარობის დროს არ გამოიყენება სხვა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, (ინჰალაციური და არაინჰალაციური) რის გამოც ახალშობილი იბადება მედიკამენტური დეპრესიის გარეშე.

ეპიდურული გაუტკივარების უარყოფითი მხარეები:

გაუტკივარების ყველა მეთოდს აქვს თავისი უარყოფითი მხარეები. 50 წლიანი კლინიკური გამოცდილება ანესთეზიოლოგს საშუალებას აძლევს ეპიდურული გაუტკივარებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები მინიმუმამდე შეამციროს.

☹  ეპიდურულმა გაუტკივარებამ შესაძლოა ზოგ შემთხვევაში გამოიწვიოს მშობიარობის I სტადიის გახანგძლივება.

☹  ითვლებოდა, რომ სტატისტიკის მიხედვით, მშობიარეებში, რომლებმაც არჩიეს ეპიდურული გაუტკივარება, მაშებით მშობიარობის შედარებით მაღალი პროცენტია, თუმცა თანამედროვე პრეპარატების და გაუტკივარების მეთოდების დანერგვის შემდეგ ეს პრობლემა აღმოფხვრილია.

☹  ეპიდურული გაუტკივარების დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს არტერიული წნევის დაქვეითებას. აი რატომაა, რომ გაუტკივარების დაწყებამდე საჭიროა ვენის კათეტერიზაცია და წვეთოვანის დადგმა. თუ თქვენი წნევა დაქვეითდა, ხსნარების გადასხმა ხსნის აღნიშნულ პრობლემას.

☹  პროცედურის პერიოდში ფეხის კუნთების სისუსტის გამო სიარული მიზანშეუწონელია და უნდა იყოთ მწოლიარე მდგომარეობაში, თუმცა დაბალი დოზით ანესთეზიის მეთოდის დანერგვამ, როგორიცაა „walking epidural“ ეს პრობლემა მინიმუმამდე შეამცირა.

☹  გაუტკივარების პერიოდში შეიძლება გქონდეთ პრობლემა მოშარდვასთან დაკავშირებით და როგორც წესი საჭირო ხდება შარდის ბუშტის კათეტერიზაცია.

☹  ეპიდურული კათეტერის ამოღების შემდეგ შესაძლოა დაგრჩეთ რამოდენიმე დღის განმავლობაში მსუბუქი ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება ნაჩხვლეტის მიდამოში, რომელიც თანდათან გაივლის.

☹  არის ძალიან დაბალი პროცენტი იმისა, რომ ეპიდურული კათეტერის ჩადგმისას დაზიანდეს მაგარი გარსი და აღინისნოს თავის ტკივილი, ამ შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ანესთეზიოლოგს შესაბამისი მკურნალობისათვის.

☹  ეპიდურული გაუტკივარება ტექნიკურად რთულად შესასრულებელია, რაც ანესთეზიოლოგის სპეციფიურ მომზადებასა და გამოცდილებას მოითხოვს. აი რატომ არის, რომ გაუტკივარების ეს მეთოდი დღესდღეობით საქართველოში ფართოდ დანერგილი არ არის.

რამოდენიმე კითხვა, რომელიც შეიძლება გაგიჩნდეთ ეპიდურული გაუტკივარებასთან დაკავშირებით.

არის თუ არა ეპიდურული გაუტკივარება უსაფრთხო?
დღეისათვის გაუტკივარების ეს მეთოდი განვითარებულ ქვეყნებში ჩვეულებრივი პრაქტიკაა. იგი უსაფრთხო და სანდოა როგორც დედის, ისე მისი ბავშვისათვის. თუ თქვენ გსურთ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება, მიმართეთ თქვენს მეანს ან ანესთეზიოლოგს.

როდის არის ეპიდურული გაუტკივარების დაწყება მიზანშეწონილი?
თქვენი მეანი და ანესთეზიოლოგი წყვეტენ თუ როდის უნდა იქნეს გაუტკივარება დაწყებული. ჩვეულებრივ ეს მშობიარობის პირველ სტადიაში ხდება, როდესაც საშვილოსნოს ყელი გახსნილია 4 - 5 სმ-ზე და ჩამოყალიბებულია რეგულარული სამშობიარო მოქმედება. უფრო ადრეულ ეტაპებზე გაუტკივერების დაწყება არაა რეკომენდირებული.

შეიძლება თუ არა, რომ მანიპულაციის დროს ზურგის ტვინი დაზიანდეს?
ეპიდურული სივრცე, სადაც შპრიცი შეჰყავთ, ზურგის ტვინის დამცავი მაგარი გარსის გარეთ მდებარეობს. გაარდა ამისა ზურგის ტვინი მთავრდება გულმკერდის_XII, წელის_I მალის დონეზე, ხოლო ეპიდურულ სივრცის პუნქცია კეთდება წელის II-V მალების დონეზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაგარი გარსი დაზიანდა, ალბათობა მინიმალურია.

არის თუ არა ყოველთვის 100% ეფექტი?
იშვიათ შემთხვევაში ადგილი აქვს არასრულ გაუტკივარებას, ანდა გაუტკივარებას სხეულის ცალ ნახევარში. უთხარით ამის შესახებ ანესთეზიოლოგს, რომელიც მიიღებს სათანადო ზომებს.

შეიძლება თუ არა, რომ ტკივილის გარეშე ვერ შევიგრძნოთ დედობის გრძნობა სრულფასოვნად?
ეპიდურული ანესთეზია ერთ-ერთი ყველაზე მიღებული მეთოდია იმისათვის, რომ თქვენი მშობიარობა სასიამოვნო განცდად აქციოს, მოგიხსნათ ტკივილით მიყენებული ტანჯვა და დისკომფორტი და მოგცეთ საშუალება მიიღოთ აქტიური მონაწილეობა მშობიარობაში.

რა სიხშირით გვხვდება ეპიდურული ანესთეზიასთან ასოცირებული გართულებები?

რისკი რა სიხშირით გვხვდება
არაადექვატური ანესთეზია ხშირად 1 ყოველ 8-ში
არტერიული წნევის დაქვეითება ხშირად 1 ყოველ 20-ში
თავის ტკივილი იშვიათად 1 ყოველ 100-ში
პერიფერიული ნერვის დაზიანება ძალიან იშვიათად 1 ყოველ 13 000-ში
ეპიდურული აბსცესი / მენინგიტი ძალიან იშვიათად 1 ყოველ 50 000-ში
მაღალი სპინალური ბლოკი ძალიან იშვიათად 1 ყოველ 100 000-ში
ეპიდურული ჰემატომა ძალიან იშვიათად 1 ყოველ 170 000-ში
ზურგის ტვინის დაზიანება / ქვედა პარაპლეგია უკიდურესად იშვიათად 1 ყოველ 250 000-ში

 

 

სპინალური ანესთეზია

სპინალური ანესთეზია პრაქტიკაში დანერგილი იქნა 1899 წელს. მან დიდი გავრცელება ჰპოვა მეანობაშიც მისი ეფექტურობის, სიმარტივის და სიაფის გამო. თუმცა 1964წ-დან ხანგრძლივი ეპიდურული ანესთეზიის დანერგვის შემდეგ გაუტკივარების ეს მეთოდი სამეანო პრაქტიკაში თითქმის არ გამოიყენება. ეპიდურალურისგან განსხვავებით, სპინალურ ანესთეზია თითქმის მყისიერად იწყებს მომედებას,მაგრამ მას აქვს შეზღუდული მოქმედების ხანგრძლივობა. სპინალურ გაუტკივარებას ეპიდურალურის ანალოგიური ჩვენებები, უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები აქვს, თუმცა ეს უკანასკნელი (განსაკუთრებით გაუტკივარების შემდგომი თავის ტკივილი) უფრო მეტადაა გამოხატული. სპინალური ანესთეზიის ნაკლოვანებათა რიცხვს მიეკუთვნება ასევე სხეულის ქვედა ნახევრის კუნთების გამოხატული სისუსტე და დაბუჟება, რაც მშობიარობის დროს არასასურველია.
ამჟამად სპინალური ანესთეზია ძირითადად იხმარება საკეისრო კვეთის დროს, თუმცა იშვიათ შემთხვევებში ის შეიძლება ჩატარდეს ფიზიოლოგიური მშობიარობის დროსაც, როცა გვჭირდება სწრაფი, ხანმოკლე, მაგრამ ეფექტური ანესთეზია. (მაგალითად: მშობიარობის მეორე და მესამე სტადიის გაუტკივარებისათვის,ინსტრუმენტული მშობიარობის დროს, როცა საჭიროა დაზიანებული სამშობიარო გზების აღდგენა, საშვილოსნოს ღრუში ხელით შესვლა და სხვა)

 

 

პარაცერვიკალური ბლოკადა

პარაცერვიკალურ ბლოკს შეუძლია ტკივილის შემსუბუქება მშობიარობის პირველ ეტაპზე. მისი ეფექტურობა უახლოვდება 75-80%-ს. იგი ძირითადად გამოიყენება საშვილოსნოს ყელის გახსნასთან და უფრო ნაკლებად საშვილოსნოს შეკუმშვასთან დაკავშირებული ტკივილის შესამცირებლად. მანიპულაციის დროს მეან-გინეკოლოგი სპეციალური ნემსის საშუალებით აკეთებს ადგილობრივი ანესთეტიკის ინექციას საშვილოსნოს ყელის მარჯვენა და მარცხენა მხარეს. ეფექტი ჩვეულებრივ გრძელდება 30-90 წუთი და შემდგომ საჭიროა მისი თავიდან გამეორება. პარასერვიკალური ბლოკი 15% შემთხვევაში ასოცირდება ნაყოფის ბრადიკარდიასთან, რის გამოც ნაჩვენებია ნაყოფის გულისცემის უწყვეტი მონიტორინგი. არსებობს აგრეთვე ნემსით ნაყოფის თავის დაზიანების თეორიული შანსიც, რის გამოც პარაცერვიკალური ბლოკადა სამეანო პრაქტიკაში იშვიათად გამოიყენება. ამასთანავე ეპიდურული ანესთეზია უფრო ეფექტურია.

 

 

პუდენდალური ბლოკადა

პუდენდალური ბლოკადა გამოიყენება მშობიარობის მეორე სტადიასთან დაკავშირებული ტკივილის შესამსუბუქებლად, როგორც დამოუკიდებლად, ასევე ეპიდურალური ანესთეზიის დანამატის სახით, როცა ზოგჯერ საკმარისად არ იბლოკება საკრალური (გავის სეგმენტის) ნერვები. პუდენდალური ბლოკი შეიძლება გამოყენებულ იქნას ინსტრუმენტული მშობიარობის შემთხვევაშიც და ის ასევე გამოსადეგია ეპიზიოტომიის წინ. არასასურველი ეფექტები, გვერდითი მოვლენები და რისკები ისეთივეა, როგორც პარაცერვიკალური ბლოკადის დროს.

 

 

ინტრავენური გაუტკივარება

სისტემური ანალგეტიკები სამშობიარო ტკივილის გასაყუჩებლად იხმარება 1901წ-დან. დღეისათვის სამეანო პრაქტიკაში ამ მიზნით გამოიყენება მრავალი მედიკამენტი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ეფექტურობით, მოქმედების ხანგრძლივობით და მოქმედების მექანიზმით. აღსანიშნავია, რომ სამეანო პრაქტიკაში იდეალური სისტემური ანესთეტიკი არ არსებობს. ყოველი მათგანი გადის პლაცენტურ ბარიერს და ამა თუ იმ ხარისხით ზემოქმედებას ახდენს ნაყოფზე. მიუხედავად ამისა, სამშობიარო მოქმედების ინტრავენური გაუტკივარება დღეისთვის კვლავ გამოიყენება და ის შეიძლება აუცილებლობასაც კი წარმოადგენდეს მშობიარობის პროცესში.
სამშობიარო მოქმედების ინტრავენური გაუტკივარება ნაჩვენებია გახანგრძლივებული, ზედმეტად მტკივნეული და გართულებული მშობიარობის დროს, სამშობიარო მოქმედების დისკოორდინაციისას, ინსტრუმენტული (მაშებით) მშობიარობისას, მხრების დისტოციისას, ასევე - ზოგიერთი თანმხლები დაავადების დროს, რომელიც მშობიარეს შეიძლება ჰქონდეს.
ინტრავენური გაუტკივარების ძირითადი ნაკლია დედისა და ახალშობილის სუნთქვის დეპრესია და ძილიანობა. სისტემურმა ტკივილგამაყუჩებელმა საშუალებებმა ასევე შეიძლება გამოიწვიონ სამშობიარო მოქმედების შესუსტება, რის გამოც მათი გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს და სამედიცინო პერსონალის დიდ გამოცდილებას. მრავალი ინტრავენური ანესთეტიკი იწვევს გულისრევასა და პირღებინებას, რეტროგრადულ ამნეზიას (პაციენტს არ ახსოვს მშობიარობის პროცესი) და მშობიარობის აქტში ორსულის აქტიური მონაწილეობის შესუსტებას.
გვერდითი ეფექტებისა და გართულებების ალბათობის მინიმუმამდე შესამცირებლად საჭიროა ანესთეტიკის მცირე დოზებით ხმარება. აგრეთვე რეკომენდებულია, ბავშვის დაბადებამდე გარკვეული დროით ადრე შეწყდეს მედიკამენტის შეყვანა, რის გამოც დედისა და მისი პირმშოს ინტერესებიდან გამომდინარე ტკივილის სინდრომის ადექვატური კუპირება ყოველთვის ვერ ხერხდება. მშობიარობა მოითხოვს დედის აქტიურ მონაწილეობას პროცესებში,სისტემური ანალგეტიკები კი იწვევენ მშობიარის ცნობიერების დათრგუნვას, ამიტომ გაუტკივარების ეს მეთოდი დღეისათვის სამეანო პრაქტიკაში იშვიათად გამოიყენება.

 

 

ინჰალაციური ანესთეზია

ინჰალაციური ანესთეზია მედიცინაში დაინერგა 1833წ-დან. 1847 წელს შოტლანდიელმა მეანმა, ჯეიმს იანგ სიმპსონმა პირველად გამოიყენა ეთერისა და ქლოროფორმის ანესთეზია სამშობიარო ტკივილის გასაუტკივარებლად. დღეისათვის ერთადერთი ინჰალაციური ანესთეტიკი, რომელიც შეიძლება უსაფრთხოდ ვიხმაროთ მშობიარესა და მისი პირმშოსათვის არის აზოტის ქვეჟანგი. (იგივე მალხენი აირი)
სხვა მეთოდებთან შედარებით, გაუტკივარების ამ მეთოდის უპირატესობა არის ის, რომ მშობიარე თავად აკონტროლებს გაუტკივარების პროცესს. ყოველი სამშობიარო ტკივილის დაწყების წინ, რამდენიმე წამით ადრე, მშობიარე იწყებს ჟანგბადისა და აზოტის ქვეჟანგის ნარევის ჩასუნთქვას, რისთვისაც საანესთეზიო აპარატის ნიღაბს მჭიდროდ მიიდებს სახეზე. ეფექტი დგება ≈30 წმ-ში. ცნობიერების დათრგუნვასთან ერთად ნიღაბი სახეს თავისით სცილდება, რის შემდეგაც ასევე სწრაფად ხდება გამოღვიძება.
ინჰალაციური ანესთეზიის დადებითი მხარეები:
  • მისი გამოყენება შეიძლება მშობიარობის ნებისმიერ ეტაპზე
  • ანესთეზიის მართვა ხდება პაციენტის მიერ, ანუ მშობიარე თავად აკონტროლებს როდის მოახდინოს ანესთეტიკის ჩასუნთქვა.
  • ითვლება უსაფრთხო გაუტკივარების მეთოდათ, აქვს მინიმალური ზემოქმედება მშობიარესა და მის პირმშოზე
  • ეფექტის სწრაფი დადგომა და სწრაფივე უკუგანვითარება.
  • მშობიარეს შეუძლია გადაადგილება და პოზიციის შეცვალა ტკივილებს შორის.
  • ეხმარება მშობიარეს,რომ ისუნთქოს რიტმულად
ინჰალაციური ანესთეზიის უარყოფითი მხარეები:
  • აზოტის ქვეჟანგის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი სამეანო პრაქტიკაში მიღებულ დოზებში ხშირად არაა საკმარისი სამშობიარო ტკივილის სრული გაუტკივარებისათვის, ანუ იგი უფრო აქვეითებს ტკივილის შეგრძნებას, ვიდრე აყუჩებს.
  • მოითხოვს სპეციფიური სამედიცინო აპარატურისა და სამედიცინო აირის ბალონების არსებობას სამშობიარო ბლოკში და მათ მომსახურებას მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ.
  • აზოტის ქვეჟანგი, ისევე როგორც ყველა ინჰალაციური ანესთეტიკი, იწვევს ცნობიერების დათრგუნვას, რაც ართულებს აქტიურ გაჭინთვას, ანუ დედის აქტიურ მონაწილეობას მშობიარობის პროცესში.
  • იშვიათ შემთხვევაში აზოტის ქვეჟანგს შეუძლია გამოიწვიოს ხველის რეფლექსის დათრგუნვა და არის კუჭის შიგთავსის სასუნთქ გზებში ასპირაციის საფრთხე. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მშობიარეზე მუდმივი მეთვალყურეობა.
  • არაა რეკომენდირებული აზოტის ქვეჟანგის გამოყენება, თუ პაციენტი იღებს სხვა საძილე, ან ოპიატურ ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს.
  • ამოსუნთქული და სანარკოზე აპარატიდან გამოსული ანესთეტიკი იწვევს გარემოს დაბინძურებას.
შენიშვნა: ბოლო წლებში საქართველოში აზოტის ქვეჟანგი არ შემოდის, ამიტომ ანესთეზიის ეს მეთოდი ხელმიუწვდომელია.

 

 

არამედიკამენტური გაუტკივარების მეთოდები

აქტიურობა

აქტიურობის შენარჩუნება არის ერთ – ერთი ყველაზე სასარგებლო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ მშობიარობისა და მშობიარობის ტკივილის გასაკონტროლებლად. თავისუფლად გადაადგილება და მენჯის მოძრაობა დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ სამშობიარო ტკივილს.

სამშობიარო ბურთი

დიდი რეზინის ბურთი სპეციალურად მზადდება ფიზიკური თერაპიისთვის და წლების განმავლობაში იყენებენ პაციენტების სათანადო ვარჯიშსა და რეაბილიტაცისათვის. ბოლო დროს ამ ბურთმა იპოვა ახალი დანიშნულება სამშობიაროში და საავადმყოფოების სამეანო განყოფილებებში. ბურთი ადვილად უძლებს მშობიარე ქალის წონას.
სამშობიარო ბურთის გამოყენებისას უსაფრთხოდ შეიძლება ჩავატაროთ ნაყოფის გულისცემის როგორც გარე, ასევე შიდა მონიტორინგი.
თუ თქვენი სანაყოფე გარსი დარღვეულია, და ბავშვის თავი ჯერ კიდევ საკმარისად მაღალაა, შეეკითხეთ თქვენს ბებიაქალს ან მეანს, თუ რამდენად უსაფრთხოა ბურთის გამოყენება. აქტიურ მშობიარობაში სამშობიარო ბურთის გამოყენება ხელს უწყობს ბავშვის თავის მენჯში ჩამოსვლას. თუ ნებადართულია სავარძელში ჯდომა ან დერეფანში სიარული, სამშობიარო ბურთის გამოყენება უსაფრთხოა.
სამშობიარო ბურთის გამოყენებისას მნიშვნელოვანია, რომ თქვენი პარტნიორი მუდმივად მხარს გიჭერდეთ. თქვენი პარტნიორი უნდა იჯდეს სკამზე, ფეხებ გაშლილი, ხოლო თქვენ იჯდეთ სამშობიარო ბურთზე, რომელიც მათ შორისაა.
სამშობიარო ბურთის გამოყენება სულ უფრო ხშირად ხდება. არ ჩატარებულა კვლევები, რაც დაადასტურებდა მისი მშობიარობის დროს გამოყენების უპირატესობებს. მიუხედავად ამისა, უდავოა, რომ ბევრ პაციენტს სამშობიარო ბურთის გამოყენება ძალიან მოსწონს.
აი რამდენიმე მიზეზი მშობიარობის დროს სამშობიარო ბურთის გამოყენებისთვის:
  • სამშობიარო ბურთზე ჯდომისას ბავშვის თავი სწორად ჩამოდის მენჯში
  • ბურთი ხელს უწყობს მენჯის მობილობას
  • ორსული ქალისთვის მშობიარობის დროს უფრო ადვილია ბურთიდან ადგომა და დაჯდომა, ვიდრე სტანდარტული სკამიდან ან სავარძლიდან
  • ბურთზე ჯდომისას სიმძიმის ძალა უბიძგებს ბავშვს დაეშვას მენჯში.
  • ბურთი საშუალებას აძლევს მშობიარეს გადაიტანოს ციმძიმის ცენტრი, ამოძრაოს მენჯი და უფრო ადვილად იპოვოს მშობიარობის კომფორტული პოზიციები
  • ბურთის გამოყენება შესაძლებელია ხელების და მუხლების პოზიციაში. ეს ამცირებს ზეწოლას და სტრესს ხელებსა და მაჯებზე, რაც ზრდის პოზიციის გამოყენების ხანგრძლივობას.

მასაჟი და სითბო

მასაჟმა და ცხელმა კომპრესებმა შეიძლება შეამციროს თქვენი მშობიარობის ტკივილი. მასაჟი ხელს გიწყობთ ტკივილისგან ყურადღების გადატანაში. სითბური კომპრესები ეხმარება თქვენს სხეულს გამოიმუშაოს ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლები - ენდორფინები.

შხაპის მიღება, აბაზანა და წყალში მშობიარობა

უმეტეს საავადმყოფოებსა და სამშობიაროებს აქვთ საშუალებები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ მშობიარობის პირველ ეტაპზე მიიღოთ აბაზანა ან შხაპი.
ბევრი ქალი თვლის, რომ თბილ აბაზანაში ჩაწოლა ეხმარება მათ გაუმკლავდნენ ტკივილს. შესაძლოა, შხაპის მიღება დაგეხმარებათ ზურგის მიდამოს ტკივილის დროს.
მშობიარობის დროს ტკივილის შესამსუბუქებლად აბაზანის ან შხაპის მიღება არ არის იგივე, რაც წყალში მშობიარობა. ყველა საავადმყოფო არ არის აღჭურვილი წყალში მშობიარობისთვის. თქვენს ბებიაქალს და ექიმს უნდა ჰქონდეთ სპეციალური მომზადება და მათ უნდა მოახდინონ აბაზანიდან თქვენი სწრაფად ამოყვანა, თუ მშობიარობისას გაჩნდა რაიმე პრობლემა. წინასწარ გამოიკითხეთ და ნახეთ თქვენს სამშობიაროში ეს ვარიანტი თქვენთვის ხელმისაწვდომი არის თუ არა.

რელაქსირება

ტკივილის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ რელაქსირების სხვადასხვა ტექნიკა. ზოგს მოსწონს მუსიკა, ზოგს მედიტაცია, ზოგს საკმეველი. საერთოდ, რელაქსირების ტექნიკა ხელს უწყობს მშობიარობის ტკივილის შემსუბუქებას. უბრალოდ შეამოწმეთ, რომ საავადმყოფოში ან სამშობიაროში ნებადართულია თქვენი მეთოდები.

არომათერაპია

ეთერზეთები შეიზილება მასაჟით ან თბება სანთურაზე. არ არსებობს მტკიცებულება, რომ არომათერაპია უზრუნველყოფს ტკივილის შემსუბუქებას, მაგრამ ზოგიერთ ქალს ეს სასიამოვნოდ მიაჩნია. თუ არომათერაპიის გამოყენებას ფიქრობთ, შეამოწმეთ არის თუ არა თქვენს საავადმყოფოში ან სამშობიაროში ამის საშუალება.

აკუპუნქტურა

აკუპუნქტურას შეუძლია შეამციროს ტკივილები მშობიარობის დროს და შეამციროს მაშების გამოყენების აუცილებლობა. გაუგებარია როგორ მუშაობს. ცნობილი არ არის გვერდითი ეფექტები დედისა და ბავშვისთვის.
აკუპუნქტურა უნდა გააკეთოს მხოლოდ გამოცდილმა სპეციალისტმა. ყველა საავადმყოფოში არ არის აკუპუნქტურის მცოდნე თერაპევტი. შეიძლება დაგჭირდეთ თქვენს სამშობიაროში საკუთარი პრაქტიკოსის მოყვანაზე მსჯელობა.

ტრანსკუტანეური ნეირო სტიმულაცია (TENS)

TENS აპარატი იყენებს თქვენს კანზე მიმაგრებულ ორ ელექტროდს. ისინი, როგორც წესი, მოთავსებულია თქვენი ზურგის ქვედა ნაწილში. აპარატი ატარებს მცირე ძაბვის ელექტროდენს თქვენს სხეულში. ზოგადად ეს მეთოდი უსაფრთხოა დედისა და ბავშვისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ TENS დანადგარის გამოყენება არ არის ზიანის მომტანი, არ არსებობს მტკიცებულება, რომ TENS ამცირებს ტკივილს, მაგრამ ზოგიერთ ქალი თვლის, რომ ეს მეთოდი გამოსადეგია.
TENS აპარატს აქვს გარკვეული შეზღუდვები. იგი არ უნდა გამოიყენონ კარდიოსტიმულატორის მქონე ადამიანებმა. ასევე არაა რეკომენდირებული TENS– ის გამოყენება 37 კვირის ორსულობამდე. მისი გამოყენება არ შეიძლება შხაპის დროს და წყალში. TENS აპარატი ყველა საავადმყოფოში ან სამშობიაროში არ მოიპოვება.

სტერილური წყლის ინექციები

სტერილური წყალი, რომელშიც არ არის წამალი, შეიძლება გაუკეთოთ თქვენი ზურგის მიდამოში კანქვეშ, რომ გაუმკლავდეთ წელის ტკივილს. ეს პროცედურა შეიძლება იყოს მწარე, მაგრამ არ აქვს არანაირი გვერდითი მოვლენები თქვენთვის ან თქვენი ბავშვისთვის.
ზოგიერთ ქალი ამ ინექციებს მიიჩნევს გამოსადეგად, თუმცა გაუგებარია, როგორ მუშაობს, ან მუშაობს თუ არა ეს მეთოდი საერთოდ. შეიძლება დაგჭირდეთ ტკივილის შემსუბუქებს სხვა მეთოდის გამოყენება.

 

 

 

სამეანო
ანესთეზიის
სახელმძღვანელო

ორსულობის
კალკულატორი